მიმდინარე წელს მთავრობა 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. საქსტატის ცნობით, პირველ კვარტალში ეკონომიკის საშუალო ზრდა 5%-ია, - ეკონომიკური ზრდის პროგნოზსა და შედეგზე ’’საქმიან დილასთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საუბრობს.
- ბატონო ნიკოლოზ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 3.5%-მდე შეგვიმცირეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თქვენ კი მინიმუმ 4%-იან ზრდას ასახელებთ, რატომ ფიქრობთ, რომ მთავრობის პროგნოზი უფრო სწორია?
- 3.5% არის ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გვექნება, რადგან პროგრამა ამ მაჩვენებლზე აგებულიყო. თავიდან ჩავთვალეთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ფრთხილი დამოკიდებულება უნდა გვქონოდა. თვლიან, რომ ჩვენ რეგიონში საკმაოდ აღმავალი ტენდენცია უნდა იყოს, თუმცა გადახრის თვალსაზრისით დაღმავლობის რისკები უფრო მნიშვნელოვანია და იქიდან გამომდინარე, რომ ახალ პროგრამას ვიწყებთ, გადავწყვიტეთ და უფრო მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ უფრო ფრთხილი მაჩვენებლით დაწყებულიყო.
- თვითონ მთავრობა როგორ გეგმავს ბიუჯეტს, სავალუტო ფონდის პროგნოზს ეყრდნობა, თუ საკუთარ - 4%-იან პროგნოზს?
- საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, 3.5%-იანი ზრდის შემთხვევაში ჩვენ ის შემოსავალი გვექნება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა. ბუნებრივია, ზრდა უფრო მაღალია და შესაბამისად შემოსავლების გადაჭარბებაც აქედან გამომდინარეა.
ზოგადად აქციზები მთლიან საგადასახო შემოსავლებში დაახლოებით 6%-7%-ია. შემოსავლების ნაწილში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი არის დამატებითი ღირებულების გადასახადი. აქციზებიდან ჩვენ ზრდა გავქვს.
- ეს რომ გამოვაკლოთ ზრდა მაინც იქნებოდა და დაახლოებით რამდენ პროცენტიანი?
- ბუნებრივია, იქნებოდა. დაახლოებით 6.7%-ით უფრო მაღალი იყო I კვარტალში საგადასახადო შემოსავლები, ვიდრე იგი დაგეგმილი იყო. აქედან დაახლოებით 1.5 % აქციზების ზრდამ განაპირობა.
- ექსპორტ-იმპორტის ზრდის კუთხით გამოწვევად რა რჩება?
- საქართველოს ეკონომიკის ორ ყველაზე მოწყვლად ფაქტორს გამოვყოფდი - მიმდინარე ანგარიშსა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც გასული წლის შედეგებით 13.3%-ია და ასევე მაღლი დოლარიზაციის მაჩვენებელს. ეს არის საქართველოს ეკონომიკის ორი ძირითადი პრობლემა და ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემების მოგვარება მოკლევადიან პერიოდში ცოტა გართულდება, მაგრამ გრძელვადიანი რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი სწორედ ეს ფაქტორია - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძირითადი ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ბალანსდება და არა სხვა ვალდებულებებით.
- ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა მოახერხეთ, კიდევ დამატებით რა საკითხების განხილვა მოხდაამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას?
- ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოს მიერ ფონდის პროგრამა დამტკიცდა. ჩვენ მათ მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, ბიუჯეტის შესრულება და ის გეგმები გავუზიარეთ, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. საქართველო მათი მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული და ძალიან კარგად უყურებენ ჩვენს ქვეყანას. ეს კი, რა თქმა უნდა, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ქცევებშიც და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში აისახება. სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტს შევხვდით, სადაც ძირითადი თემები რეფორმების მხარდაჭერა იყო. აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით, აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს. განსაკუთრებით სივრცითი მოწყობის პროექტს გამოვყოფდი, რომელიც საკმაოდ კაპიტალტევადი პროექტია და მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულებასა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის მოწყობას ითვალისწინებს და ამის დაფინანსება დონორული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გარანტირებული აქვს.
ასევე აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად 47.2 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც კონკრეტულად საბიუჯეტო ხარჯებს მოხმარდება, რადგან ეს საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამაა. პროგრამა 2 ეტაპიანია. ეს პროცესი 28 აპრილს დასრულდა და აღნიშნულ პროგრამას გარკვეული პირობითობა აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი პირობა სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო იყო. ამას მსოფლიო ბანკი კვარტალურად ახორციელებს.

























