მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ელჩი ირანში ირანელთა დეპორტაციას ნარკოტიკების პრობლემასაც უკავშირებს

5c1a38b7d52ba
BM.GE
19.12.18 16:13
1881
საქართველოს ელჩი ირანში იოსებ ჩახვაშვილი ამბობს, რომ მისი შეფასებით, საქართველოდან ირანელთა გაძევების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის.

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ელჩი ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებში ნარკოტიკების პრობლემას გამოყოფს და ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ნარკოტიკების პრობლემა გაზრდილი იყო.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფარგლებში, მე ორჯერ ვიყავი თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით და იმ მცირე გაუგებრობებთან, რომელიც იყო ჩვენს საზღავრზე. მარტო ნოემბერში დაახლოებით, 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოში და მათგან მხოლოდ 425 არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. ეს პროცენტულადაც, მგონი შედარებით დაბალი რიცხვია. ასევე, ირანის ელჩს ჰქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან. მხარეებმა სრული მზადყოფნა გამოხატეს მომავალში თანამშორმლობისათვის და გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრისათვის. საზღვარზე წარმოშობილი ყველა კონკრეტული შემთხვევა განიხილება ორმხრივ ფორმატში, ყოველი კონკრეტული შემთხვევა იქნება გამოკველული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება. არის პრობლემები, მათ შორის, ირანელთა მხრიდან არის პრობლემები - მოგეხსენებათ, ძალიან დიდი რაოდენობით იყო შემოსული ნარკოტიკები საქართველოში. ირანის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი თანამშრომლობა სასაზღვრო უწყებებს შორის დადებითად წაადგება ამ პრობლემის გადაჭრას. ირანის მხარე ყოველთვის ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას: საქართველოს და მის მესაზღვრეებს აქვთ სრული სუვერენული უფლება, რომ მოიქცნენ კანონის სრული დაცვით. საქართველოს სუვერენული უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი თხოვნა იყო, რომ უფრო მეტად ლმობიერება გამოვიჩინოთ ირანელი ტურისტების და კონკრეტულად, ირანელი ქალბატონების მიმართ,” - განაცხადა ჩახვაშვილმა.

13 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. შეხვედრა ირანის მიერ იყო მოთხოვნილი. ამავე დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საქართველოს ირანის მოქალაქეთა მასობრივი გაძევების გამო განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.

2018 წელს საქართველოდან ირანის მოქალაქეთა გაბრუნების შემთხვევები 23-ჯერ გაიზარდა.

2018 წლის 11 თვის განმავლობაში საზღვრიდან ირანის 2345 მოქალაქე გააბრუნეს. აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ოქტომბერში - 429, ხოლო ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამური რეპუბლიკის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები