საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სან-ფრანცისკოს "გაერთიანებული კლუბისა" და Bay Area Council-ის წარმომადგენლებთან, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროგრესსა და საქართველოს მიღწევებს გლობალურ რეიტინგებში. დავით ბაქრაძემ საქართველოს 4 -პოუნქტიანი გეგმა წარადგინა და სახელმწიფო სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სტარტაპების მხარდამჭერ რეფორმებსა და პროგრამებზე, ასევე, ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის მნიშვნელობაზე დ ა ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ასევე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნასა და მის მიღწევებზე. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სილიკონ ველიში "სტარტაპ საქართველოს" 8 გამარჯვებული გუნდი იმყოფება. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა ჩაუტარეს. მათ ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

























