"საქართველოს ეროვნული მუზეუმი" ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას მუზეუმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი ცნობით, მუზეუმი მზადაა, დახმარების მიზნით სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან სპეციალური ჯგუფი შექმნას.
"სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან შექმნას სპეციალური ჯგუფი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად, აფხაზი მხატვრების ნამუშევრები განადგურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარს 4 000-ზე მეტი ნახატი ემსხვერპლა.