საქართველოს ეროვნული რობოტიკის გუნდი Team Georgia მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატში FIRST Global Challenge, რომელიც 2026 წელს სამხრეთ კორეაში გაიმართება.
FIRST Global Challenge არის საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) გარშემო აერთიანებს.
ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მთავარი მიზანი მხოლოდ რობოტიკის შეჯიბრი არ არის. FIRST Global ქმნის გარემოს, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან, ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, სწავლობენ თანამშრომლობას და ერთად ეძებენ გზებს გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. ჩემპიონატის იდეა ეფუძნება პრინციპს, რომ ტექნოლოგიასა და საერთო მიზნებს ადამიანების დაკავშირება განსხვავებულობების მიუხედავად შეუძლია.
FIRST Global Challenge პირველად 2017 წელს, ვაშინგტონში გაიმართა და მასში 157 ქვეყანა მონაწილეობდა. მას შემდეგ ჩემპიონატი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. შეჯიბრის თემა ყოველ წელს იცვლება და ძირითადად ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას ეხება.
2026 წლის ჩემპიონატის თემაა „Igniting Innovations“, რომელიც ტყის ხანძრებისა და მათი შედეგების გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ჩემპიონატის ფარგლებში მსოფლიოს გუნდები ერთმანეთს არა მხოლოდ მოედანზე შეხვდებიან, არამედ იმუშავებენ ერთობლივ მიზნებზე, გაცვლიან გამოცდილებას და ერთმანეთისგან ისწავლიან.
2026 წლის FIRST Global Challenge სამხრეთ კორეაში გაიმართება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს - საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაში.
საქართველო FIRST Global-ის ოჯახის ნაწილი მისი არსებობის დასაწყისიდანვეა — ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ჩემპიონატში 2017 წლიდან მონაწილეობს. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის ქართველმა მოსწავლეებმა საქართველოს დროშით იასპარეზეს, შექმნეს საკუთარი რობოტები, ითანამშრომლეს სხვა ქვეყნების გუნდებთან და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული STEM საზოგადოება წარადგინეს.
საქართველოს გუნდის ანგარიშზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევაა:
- 2018 წელი (მეხიკო): 180-ზე მეტ გუნდს შორის საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ეს წარმატება განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ გუნდი ჩემპიონატში მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა.
- 2019 წელი (დუბაი): ოკეანეების დაბინძურებისა და გარემოს დაცვის თემაზე გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა გაერთიანებული სამეფოსა და კატარის გუნდებთან ერთად ფინალისტთა ალიანსში მეორე ადგილი მოიპოვა.
- 2022 წელი: Team Georgia-მ მიიღო International Enthusiasm Award-ის ბრინჯაოს მედალი, რომელიც გუნდებს სხვა მონაწილეების მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გადაეცემათ.
- 2025 წელი: გუნდმა მოიპოვა Katherine Johnson Award for Engineering Documentation-ის ვერცხლის მედალი, რომელიც საინჟინრო მუშაობისა და მისი დოკუმენტირების მაღალ ხარისხს აფასებს. გარდა ამისა, გუნდმა ჯილდო მოიპოვა Social Media Challenge-შიც.
Team Georgia 2026
Team Georgia 2026 აერთიანებს ახალგაზრდა ქართველ ნოვატორებს თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან რობოტიკით, პროგრამირებით, ინჟინერიით, ფიზიკითა და ინოვაციებით.
გუნდის წევრებისთვის 2026 წლის FIRST Global Challenge კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა რეალურ პროექტში გამოიყენონ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ.





















