მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ 2018 წელი 6.1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

5dfc6cfebf557
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.19 11:00
1803
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია ქვეყანაში ლოტოს გათამაშებებისა და მომენტალური გათამაშებების გამართვის ექსკლუზიური ლიცენზიანტია. 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად, კომპანიის მართვას კომპანია "ჯი ენ ელი" ახორციელებს.

სალიცენზიო შეთანხმების მიხედვით, "ჯი ენ ელის" ლიცენზია ათწლიანია და ის 2027 წლამდე გაგრძელდება.

კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, მასზე ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საბუღალტრო აღრიცხვის კანონმდებლობის მუხლები გავრცელდა, რის გამოც მან საჯაროდ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ლოტოსა და მომენტალური გათამაშებების გამართვიდან კომპანიამ 23,974,000 ლარის შემოსავალი მიიღო. ეს შემოსავალი ცალკეული წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შემოსავალი ტირაჟიანი ლარატიიდან - 6,063,000 ლარი, საპრიზო დანახარჯი - 3,559,000 ლარი; 
  • შემოსავალი მომენტალური თამაშებიდან - 17,911,000 ლარი, საპრიზო დანახარჯი - 10,483,000 ლარი. 

ჯამში ლატარიის კომპანიამ საპრიზო თანხის სახით 2018 წლის განმავლობაში 14,042,000 ლარი გასცა.

აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის წმინდა შემოსავალი (სხვაობა შემოსავალსა და საპრიზო სახით გაცემულ თანხას შორის) 9,932,000 ლარს შეადგენდა. დოკუმენტის მიხედვით, ეს შემოსავალი არ იყო საკმარისი, რათა კომპანიის ხარჯები დაფარულიყო, რის გამოც "ჯი ენ ელმა" 2018 წელი ზარალით დაასრულა.

"ჯი ენ ელის" მოგება ზარალის უწყისის მიხედვით:

  • წმინდა შემოსავალი თამაშებიდან - 9,932,000 ლარი; 
  • გასამრჯელოები და საკომისიო - 5,137,000 ლარი; 
  • სარეკლამო და მარკეტინგის დანახარჯები - 4,697,000 ლარი; 
  • ამორტიზაცია და გაუფასურება - 1,357,000; 
  • პერსონალის სარგებლის დანახარჯი - 1,275,000 ლარი; 
  • ბილეთების ბეჭდვის დანახარჯები - 496,000 ლარი; 
  • ქირის დანახარჯები - 431,000 ლარი; 
  • სხვა ზარალი, ნეტო - 1,058,000 ლარი; 
  • საოპერაციო ზარალი - 4,519,000 ლარი; 
  • ფინანსური შემოსავალი - 552,000 ლარი; 
  • საფინანსო ხარჯები - 2,142,000 ლარი; 
  • წლის ზარალი - 6,109,000 ლარი. 

“ჯი ენ ელის” ძირითადი მშობელი კომპანიებია შპს Win 75% და სს New Game 25%. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებლები ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და კობა ღურწკაია არიან. კომპანიის აქტივების ღირებულება 15,988,000 ლარს შეადგენს. 

“საქართველოს კანონის (ლატარიის კანონი) მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 2005 წლის 25 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოსცემს ექსკლუზიურ უფლებას ქართულ იურისდიქციაში ლატარიასთან დაკავშირებული საქმიანობის გამართვასა და ორგანიზებაზე. სახელმწიფო ტენდერის შედეგად, შპს “ჯი ენ ელმა” მოიპოვა ექსკლუზიური უფლების ლიცენზია ლატარიის გამართვასა და ორგანიზებაზე ქართულ იურისდიქციაში შესაბამისი კანონმდებლობის და მარეგულირებელი მოთხოვნების მიხედვით. ლიცენზია მოპოვებულ იქნა 2017 წლის 24 ივლისს შესყიდვიდან 10 წლის ვადით. შპს ჯი ენ ლისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლება მოიცავს:

  • საქართველოს იურისდიქციაში ლატარიის გამართვა და ორგანიზება; 
  • ლატარიის ბილეთების დისტრიბუციის წარმოება შესაბამისი კანონმდებლობით დაშვებული 
  • ყველა საშუალებით, მათ შორის ინტერნეტით გაყიდვის მეთოდით; 
  • ლატარიის ორგანიზებიდან მოგების წარმოქმნა; 
  • ლატარიის პრიზების გადახდის გარანტირება; 
  • ლიცენზიაში აღნიშნული ვალდებულებების, ფუნქციებისა და მომსახურების გაწევის 
  • შესრულება; 
  • სხვა ისეთი ქმედებების შესრულება, რომელიც არ არის აუცილებლად ლიცენზიაში 
  • მითითებული ან აკრძალული, მაგრამ აუცილებელია ლატარიის ფლობისა და ორგანიზებისთვის. 
  • კომპანიის საქმიანობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული მონიტორინგის საგანია. 
  • ლატარიის მოსაკრებელი სავალდებულო გადასახდელია სამინისტროსთვის, კომპანიის ტირაჟიანი და მომენტალური ლატარიის ბილეთების გაყიდვების მთლიანი შემოსავლის პროცენტის სახით. 

2018 წლის განმავლობაში, კოპანია საქმიანობას ეწეოდა ორ მსხვილ სათამაშო საქმიანობაში: ლოტო (რომელიც ორი ცალკეული პროდუქტისგან შედგება: ლოტო 6/36 და ლოტო 5/35-ოქროს ბურთი) და მომენტალური თამაშები (რომელიც შედგება ექვსი სხვადასხვა პროდუქტისგან: „7“, „ოქროს საწმისი“, „ფარაონი“, „ჯოკერი“, „3 შანსი“, „საახალწლო“),”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშგებაში.

ინფორმაცია კომპანიის 2019 წლის ფინანსური შედეგების შესახებ 2020 წელს გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები