თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო EU-ში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა - ევროკავშირის ლიდერების მთავარი გზავნილი პაველ ჰერჩინსკიმ დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა და დიპლომატიური, თუმცა მკაფიო ენით თქვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირობებში, საქართველო ევროპულ გზაზე წინსვლას ვერ გააგრძელებს. ელჩმა დღეს მკაფიოდ განმარტა, რომ 27 ივნისს ევროკავშრის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. პაველ ჰერჩინსკის თქმით .ე.წ რუსული კანონის მიღების გამო საქართველოს ისეთი კონკრეტული შედეგებიც ელის, როგორიცაა ევროკავშირისგან მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარების ეტაპობრივად შემცირება. EU-მა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი დახმარება გაყინა და საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ელჩის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება.