საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები, შესაძლოა, აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე.
ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეკონომიკის შესახებ IMF-ის მისიის უახლეს შეფასებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მეორე მხრივ, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ "არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ დაგეგმილი 6.6 მილიარდი აშშ დოლარის უძრავი ქონების პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმებისთვის".
გარდა ამისა, IMF-ის შეფასებით, მომავალი პერსპექტივა მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და, დიდწილად, საგარეო ვითარებაზეა დამოკიდებული.
"მომავალი პერსპექტივა მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და, დიდწილად, საგარეო ვითარებაზეა დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ, შესაძლოა, მეტად დააზიანოს ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან, გაზარდოს ინფლაცია და გაამკაცროს ფინანსური პირობები. თუმცა, უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის ვითარებაში, შესაძლოა ფინანსური და ტურისტული ნაკადების საქართველოსკენ გადმომისამართება მოხდეს და შუა დერეფანში ტრანზიტი გაიზარდოს. უკრაინაში მშვიდობის შეთანხმების მიღწევამ შესაძლოა გადაწონოს მიგრაციით, ფინანსური შემოდინებით და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული გარკვეული სარგებელი, თუმცა, ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის სტაბილურობას და ნდობას. აგრეთვე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ შეიძლება ახალი სავაჭრო გზები გააჩინოს, საქართველოს გვერდის ავლით, თუმცა ეს მთლიანი რეგიონისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას ნიშნავს. ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები შესაძლოა აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ დაგეგმილი 6.6 მილიარდი აშშ დოლარის უძრავი ქონების პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმებისთვის", - წერია IMF-ის პრესრელიზში.
ცნობისთვის: IMF-ის მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობდა, გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამა და საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით შეფასება წარადგინა.




























