ამასობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ Nasdaq-თან პარტნიორობით „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის კონცეფცია, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე რისკის მართვის და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას. ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემების დანერგვის პროექტის ფარგლებში 5 ქართული ბანკი; საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ტერაბანკი და ბაზისბანკი სახაზინო ოპერაციებს “ნაზდაკ კალიფსოს” ბაზაზე განახორციელებენ, რაც საბანკო სექტორს საშუალებას აძლევს ლიკვიდური ფინანსური ბაზრების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. როგორც ლიბერთისა და ბაზისბანკ ჯგუფის ფინანსური დირექტორი აცხადებს, სახაზინო პლატფორმა საბანკო სექტორს დერივატივების ბაზრის განვითარების და უფრო სწრაფი მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.






























