ჩინური ვაჭრობის პლატფორმა TEMU-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლამ ბოლო წლებში არაერთი ბიზნესოპერატორის დღის წესრიგი შეცვალა.
საფოსტო საკურიერო კომპანიები ამბობენ, რომ სექტორში ჩინური სავაჭრო პლატფორმა მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, რასაც მათი შეფასებით, საქართველოს ფოსტა ხელს უწყობს. ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოს ფოსტა TEMU-ს დემპინგურ ფასად ეთანამშრომლება, რომლის მოკვლევის მიზნით კონკურენციიის სააგენტოში ბიზნესმა განცხადება უკვე შეიტანა.
“TEMU-მ ადგილობრივი კომპანიები ფაქტობრივად ჩახსნა ყველაფრიდან. ანუ პირველ ეტაპზე ის შემოვიდა ბაზარზე ისე, რომ ქართულ ინფრასტრუქტურას იყენებდა, თუმცა რაღაც მომენტში მან დაიწყო საკუთარი რესურსით ჩანაცვლება და ადგილობრივ კომპანიებთან მხოლოდ იმ პირობით თანამშრომლობდა, თუ მაგალითად ძალიან დაბალ ფასს შესთავაზებდა.
ახლაც ჩვენი ინფორმაციით, "საქართველოს ფოსტას" ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი აქვს მიცემული. ფაქტობრივად დემპინგური ფასი არის და ჩვენ ამ ფასების მოკვლევასთან დაკავშირებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსაც მივმართეთ, ვინაიდან თუ ასეთი ფასით უწევენ მომსახურებას ეს ძალიან საგანგაშოა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ "საქართველოს ფოსტას" ჩვენ - გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ. დაუშვებელია, რომ რაიმე მიზნებით, მაგალითად, წაგებიანი ფასით იმუშაოს, გააძლიეროს დავუშვათ საერთაშორისო რომელიმე ონლაინ მაღაზია და ამით ქართველი მომხმარებელი საბოლოო ჯამში და ქართველი გადასახადების გადამხდელი დააზიანოს”, - აცხადებს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ გოგოლაშვილი.
ამასთან, ჩინურმა ვაჭრობის პლატფორმა TEMU-მ პრობლემები შეუქმნა ქართულ ელექტრონულ კომერციასაც. დარგობრივ ასოციაციაში ამბობენ, რომ 2025 წელს კომპანიებმა იმაზე ნაკლები შემოსავალი მიიღეს ვიდრე ეს 2024-ში იყო. ბიზნესი კონკურენციის სააგენტოს, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას სთხოვს, იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, რის მაგალითებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე არის.




























