"საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი ₾7-მილიონიანი ზარალით დახურა, ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად გავა მოგებაზე და გახდება მოგებიანი სახელმწიფო კომპანია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის, ასევე ახალი და განახლებული ხელშეკრულებების ფონზე, საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად დამატებით ₾20 მილიონამდე შემოსავალს მიიღებს.
"გასული წლის სექტემბერში შეიცვალა საქართველოს ფოსტის მენეჯმენტი, და ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოებში, აქაც გვაქვს ხელშესახები ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. განხორციელდა პირველ რიგში ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, წლიურ ჭრილში დაიზოგება ₾3.5 მილიონზე მეტი. ასევე, შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც საქართველოს ფოსტას ყოველწლიურად დაემატება ₾14.2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი.
აღდგა ასევე საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. დასრულების ეტაპზეა ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად დაიზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები, შედეგად, საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან, საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად ₾5 მილიონზე მეტის დამატებით შემოსავალს მიიღებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ფოსტის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული, 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალი წლიურად ₾1 მილიონით, ₾70.5 მილიონამდე შემცირდა. თუმცა ხარჯების შემცირების გამო, შემცირდა კომპანიის ზარალიც: თუკი იქამდე წლიური ზარალი ₾11 მილიონი იყო, 2023 წელს ზარალმა ₾3 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, გასული წლის ბოლოს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა, რომელიც მანამდე კერძო ლოგისტიკური კომპანია "სფეის კარგოს" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.




























