ონლაინ მაღაზიის მფლობელებს „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის დახმარებით, შეეძლებათ თავად შეარჩიონ ადგილზე მიტანის ვადები და ასევე დააზღვიონ საკუთარი პროდუქცია. მომხმარებლებს შეეძლებათ თვალი ადევნონ პროდუქციის მდებარეობას ადგილზე მიტანამდე. ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის გაცვლის პუნქტი გაიარა, ან კონკრეტულ მომენტში სად იმყოფება პროდუქცია, უკვე კონტროლირებადი გახდება როგორც გამსხვისებლისთვის, ასევე შემძენისთვისაც. გადაზიდვის ფორმასაც თავად მომხმარებელი არჩევს ტარიფების მიხედვით, ხოლო ექსპორტის დეკლარირება ადგილობრივებისთვის უფასო რჩება.
როგორც „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ „საქმიანი დილის ეთერში აღნიშნა, სიახლე დაინტერესებულ ადამიანებს მეწარმეობის საშალებას აძლევს. ანუ მომხმარებელი ქმნის ონლაინ მაღაზიას, რომელსაც ღია პლატფორმაზე ბმის შესაძლებლობა ექნება და შედეგად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლებათ, მათ მიერ წარმოებული ან სხვაგვარი, სასურველი პროდუქციის გაყიდვა. თავად „საქართველოს ფოსტა“ კი 3–დან 6 სამუშაო დღემდე უზრუნველყოფს ადგილზე მიტანის სერვისს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ზუსტად ის ოფციები ექნება, რაც ელექტრონულ პლატფორმა Amazon შეძენილ პროდუქციას გააჩნია.

























