საქართველოს ფოსტამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 23 მილიონი ლარით შემცირდა და ₾71 მილიონი შეადგინა. ამასთან, გაიზარდა “ფოსტის” წმინდა ზარალიც, თუკი 2021 წელს ეს 1.1 მილიონი ლარი იყო, 2022-ში ზარალმა 12 მილიონ ლარს მიაღწია.
საქართველოს ფოსტა ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც 3 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. მათ ხელფასებზე 2022 წელს 30 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემოსავლების კლების მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციის შემცირებაა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფოსტა წლების განმავლობაში დედაქალაქში არსებული ჯიხურებით ახდენდა სხვადასხვა საქონლის რეალიზაციას, თუმცა ეს საქმიანობა 2022 წლის პირველ ნახევრამდე შეწყვიტა. შესაბამისად, გაყიდვები 28.8 მილიონი ლარიდან 8.5 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ამას გარდა შემცირებულია საქართველოს შემოსავლები საფოსტო მომსახურების გაწევიდან.
2022 წლის შემოსავლები ასე ნაწილდება:
შემოსავალი საფოსტო მომსახურებიდან - 37 მილიონი ლარი, კლება 4 მლნ;
შემოსავლები გადაზიდვებიდან - 24.9 მილიონი ლარი, ზრდა 2.9 მლნ;
შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან - 8.5 მილიონი ლარი, კლება 20.3 მლნ;
შემოსავალი ლატარიის დისტრიბუციიდან - 0.7 მლნ, კლება 1.7 მლნ;
მთლიანი შემოსავალი - 71.2 მილიონი, კლება 23 მილიონი ლარი.
რაც შეეხება თავად ფოსტის ხარჯებს, მათ შორის წამყვანია სატრანსპორტო ხარჯები (8 მლნ ლარი), საზღვარგარეთის საფოსტო ადმინისტრაციების ხარჯები (2.9 მლნ ლარი), მივლინებების ხარჯები (2.5 მლნ ლარი), კომუნალური ხარჯები (1.9 მლნ ლარი), მთლიანობაში კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა 25.7 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან კომპანიას 15.8 მილიონი ლარის მარაგების ხარჯები ჰქონდა.
შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, თავად საფოსტო მიმართულებით 2022 წელს ფოსტა უფრო დატვირთული იყო კომპანია 4,784,992 საფოსტო გზავნილს მოემსახურა (მატება 0.6 მლნ გზავნილი), ამანათი 937,346 გზავნილი (მატება 30 ათასი ამანათი), ელ კომერციის ამანათი 84,710 (მატება 66 ათასი ამანათი), სხვა სახის გზავნილები 511,177 (მატება 50 ათასი გზავნილი).