bm.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფოსტაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. აუდიტორები იქ დაახლოებით ერთი კვირაა მუშაობენ. მთავარ მაკონტროლებელ ორგანოში ფაქტს ადასტურებენ. წინასწარი ინფორმაციით, ფოსტა შემოსავლებისა და ქონების მართვის კუთხით შემოწმდება, შესწავლის პერიოდად კი 2017 წელი განისაზღვრა.
აუდიტის სამსახური მხოლოდ 2017 წლის საქმიანობით დაინტერესდა, მაშინ როცა, ორგანიზაციაში ასეთი შემოწმება 2003 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. აუდიტის სამსახური კომენტარს შემოწმების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ფოსტისა" და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გამოითქვა, მათ შორის თანამშრომლთა უკანონოდ გათავისუფლება და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება და ეს იმ ფონზე, რომ ფოსტის მენეჯმენტის ზედა რგოლი განსაკუთრებით მაღალ ხელფასებსა და პრემიებს იღებდა.
"საქართველოს ფოსტა" 100% ით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ერთერთი მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი, სადაც 2700-მდე ადამიანია დასაქმებული.

























