საქართველოს ფოსტამ მომსახურების ტარიფები გაზარდა. 2 კილოგრამამდე წონის ამანათის მისამართამდე მიტანის ღირებულება 8.5 ლარიდან 19 ლარამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში კი თუ მომხმარებელი მიღებული ამანათის სერვისცენტრიდან გატანას გადაწყვეტს 14 ლარი უნდა გადაიხადოს.
როგორც საქართველოს ფოსტის ვებგვერდიდან ირკვევა კომპანიამ მარტივი და რეგისტრირებული მცირე ამანათის პაკეტები საერთოდ გააუქმა, რის გამოც დღეს მომხმარებელს ამანათის გაგზავნისას სულ მცირე 14 ლარის გადახდა მაინც მოუწევს.
გაძვირებულ ტარიფებს განსაკუთრებით კრიტიკულად მცირე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ, მათი უმეტესობა BMG-სთან აცხადებს, რომ კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ უღირთ და ისინი კერძო საკურიერო მომსახურებით ისარგებლებენ.
ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მომხმარებლები კერძო საფოსტო მომსახურებაზე გადაერთვებიან, თუმცა იმის გამო საქართველოს ფოსტის მსგავსად ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების რესურსი შეზღუდულია, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერიოდში მომსახურების ხარისხი გაუარესდება.
თამარ გოგოლაშვილი იმასაც განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას გრძელვადიან პერსპექტივაშიც ექნება გავლენა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული მომსახურების საფასური დრო და დრო კერძო კომპანიებმაც გაზარდონ.
“მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური გავლენა ექნება, რადგან ვინაიდან იმ ბაზარზე იმ რაოდენობის კომპანიები უბრალოდ არ არიან, რომლებიც ფიზიკური პირების და მცირე მეწარმეების ამ ნაკადს დააკმაყოფილებენ.
მომხმარებლებისთვის ამ მომსახურების მიწოდებას კერძო კომპანიები დაიწყებენ, თუმცა პოტენციურად ამან გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, საკურიერო სერვისებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ახლა ძალიან მაღალია, ფიზიკურად კერძო კომპანიებს შეიძლება არ ჰქონდეთ იმის საშუალება რომ ამდენ მომხმარებელს მოემსახურონ და ფასები ბუნებრივად გაიზრდება.
საქართველოს ფოსტა, გარკვეულწილად, ბაზარზე სტანდარტებს ამყარებდა, შესაბამისად, ახლა ასეთი დრამატული ცვლილებების - ტარიფებში 120%-იანი ზრდის შემთხვევაში კერძო კომპანიებსაც სატარიფო პოლიტიკის გადახედვის ბიძგს მისცემს”, - ამბობს თამარ გოგოლაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ფოსტის 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 23 მილიონი ლარით შემცირდა და ₾71 მილიონი შეადგინა. ამასთან, გაიზარდა “ფოსტის” ზარალიც, თუკი 2021 წელს ეს 1.1 მილიონი ლარი იყო, 2022-ში ზარალმა 12 მილიონ ლარს მიაღწია. უცნობია იყო თუ არა ტარიფების დრამატულად გაზრდის მიზეზი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები - შესაბამისი კითხვებით bm.ge საქართველოს ფოსტას, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, უკვე რამდენიმე დღეა მიმართავს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ამასთან, შეცვლილი საფასო პოლიტიკის შესახებ ოფიციალური განმარტება კომპანიას ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, მომხმარებლებმა გაზრდილი ტარიფები ახალი წლიდან უშუალოდ სერვის ცენტრებში შეიტყვეს.