მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წლის ბოლომდე 180 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს

59218234077d8
BM.GE
21.05.17 19:00
1702
წყლით მდიდარ საქართველოში წყალმომარაგების პრობლემა დღემდე აქტუალურია. ამის მიზეზი ნახევარი საუკუნის წინ აშენებული, მაგრამ დღეს უკვე მოშლილი ინფრასტრუქტურაა, რომლის მასშტაბური რეაბილიტაციაც ათეული წლებია არ განხორციელებულა, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ისაუბრა.

-ბატონო გიორგი, რამდენი პროექტი რა შუალედით განხორციელდა და რა ეტაპზე ვართ ამჟამად?

-დღეის მდგომარეობით 11 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ვახორციელებთ. ასევე მიმდინარე წელს ეტაპობრივად კიდევ 15 ახალი პროექტი დაიწყება. ჯამში, როგორც დავაანონსეთ, 2017-2020 წლის განმავლობაში სულ 50 პროექტს განვახორციელებთ. სამუშაოებს ეტაპობრივად წლიდან წლამდე ვაწარმოებთ. პარალელურ რეჟიმში ძალიან აქტიური საპროექტო სამუშაოები გვაქვს, რომელიც ამ კუთხით მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ მას სამშენებლო ნაწილი მოყვება. რამდენიმე პროექტს გამოვყოფდი, დღეს ჩვენ უკვე დასრულების ეტაპზე ვართ ანაკლიაში, მესტიასა და ურეკში. ამ ქალაქებში მიმდინარე წელს პროექტებს უკვე დავასრულებთ. ეს ის ქალაქები იქნება, სადაც სრულყოფილად იქნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

-ჯამში რა რაოდენობის ბიუჯეტია გამოყოფილი, რომ ეს პროექტები შესრულდეს და დღეს რამდენია უკვე ათვისებული?

-ჩვენ მიმდინარე წელს ყველა სხვა გასულ წელთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალ აქტივობას ვგეგმავთ მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით. ეს იქნება 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები. სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს წლის განმავლობაში 12 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა. 2013 წელს ეს რიცხვი 23 მილიონი ლარი იყო, გასულ წელს 110 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განვახორციელეთ, ხოლო მიმდინარე წლის I კვარტალი 27 მილიონი ლარით დავასრულეთ. თანხები და ციფრები იმიტომ მოვიყვანე, რომ უფრო მეტი განხორციელებული სამუშაოა, უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს გაუმჯობესებული 24 -საათიანი წყალმომარაგებით. აქედან გამომდინარე, წელს ძალიან ამბიციური გემები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ გეგმები, მე ციფრებში გამოხატული I კვარტლის შედეგები შევაჯამე. ასე, რომ მიმდინარე წელს ჩვენ 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს განვახორციელებთ.

-თქვენი კომპანიისთვის პრიორიტეტების არჩევა როგორ ხდება?

-პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, პრობლემატიკის სიმწვავიდან გამომდინარე ირჩევა. ამ მიმართულებით ძალიან პრობლემური იყო ანაკლია. ასევე იყო ფოთი, სადაც 4-5 წლის წინ წყალი დღეგამოშვებით ჰქონდა მოსახლეობას და ყოველდღიურად ვისაც მიეწოდებოდა იმ უბნებში შეზღუდული გრაფიკით იყო. ურეკში ფაქტიურად ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და საერთოდ არ იყო არამც თუ დამსვენებლისთვის, არამედ ბიზნესის თვალსაზრისით იქ ინვესტორისთვის მეტად არასახარბიელო პირობები იყო. ამ და სხვა ქალაქებში პრიორიტეტები სწორედ ამ პრინციპით ირჩევა. ჩვენ წელს უკვე ჭიათურის წყალმომარაგების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ, რადგან ამ კუთხით ეს ერთ-ერთი პრობლემური ქალაქია. ასევე პრობლემური ქალაქია წყალმომარაგების მიმართულებით ხაშური, სადაც საპროექტო სამუშაოებს დავიწყებთ, რასაც სამშენებლო ნაწილი მოყვება შესაბამისად. იგივე შემიძლია ვთქვა სამტრედიაზე, სადაც დღის მდგომარეობით ტექნიკურ სამუშაოებზე ვმუშაობთ. ასევეა ქუთაისიც, სადაც უკვე მეორე ფაზის წყალმომარაგების სამუშაოებს ვახორციელებთ და დაახლოებით შემდეგი წლის I კვარტალში უკვე სამუშაოების სრულყოფილად დასრულებას ვგეგმავთ. ქუთაისში იყო რამდენიმე უბანი და ქუჩა, სადაც ფიზიკურად ქსელი არასდროს ისტორიულად არ არსებობდა. დღეს კი ჩვენ იქ ქსელი განვავითარეთ და უკვე 24 საათიანი წყალმომარაგება გვაქვს. ინფრასტრუქტურა გასული საუკუნის 70-იან წლებში მოეწყო და მაშინ ქუთაისი სიდიდითაც და მოცულობითაც სხვა ზომის იყო, ახლა კი განვითარდა, გაფართოვდა.

-აღნიშნული პროექტი ქუთაისში როდის დასრულდება?

-ისეთ ქალაქში, სადაც მოძრაობა დატვირთულია, სამუშაოები ეტაპებად არის დაყოფილი. ჩვენ რომ აქ ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ, ფაქტიურად ქალაქის პარალიზებას გამოვიწვევთ.

-ყველა სამუშაოებიდან, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჩატარებულია რამდენი იყო სარეაბილიტაციოს ნაწილი და რამდენი - მთლიანად თავიდან ასაშენებელი?

-ჩვენ ფაქტობრივად ახალ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა მეტად მოძველებული, ამორტიზირებული და ქაოტურად მოწყობილია. აქედან გამომდინარე ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს პროექტების განხორციელების კუთხით, ეს დაახლოებით შემდგომ 30 წელზეა გათვლილი. -დედაქალაქში და მის შემოგარენში რამდენად არის სამუშაოები ამოწურული ამ პროექტის მიხედვით? -ჩვენ თბილისში არ ვოპერირებთ, შემოგარენზე თუ ვიტყვით იგივე წყნეთს, კოჯორს, ტაბახმელას ეს არ არის ჩვენი ოპერირების არეალი. აქ არის კომპანია GWP ჩართული და ის ოპერირებს.

-რამდენი აქვს საქართველოს მთავრობას ინვესტირებისთვის აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებული?

-ეს სტატისტიკა მკვეთრად მზარდია. როგორც უკვე აღვნიშნე, 2012 წლის 12 მილიონიდან გასულ წელს 110 მილიონამდე ავედით. წელს ამ კუთხით უკვე 180 მილიონს დავხარჯავთ და რაც შეეხება 2020 წლამდე სავარაუდო ღირებულებას და ამ თანხის ჯამურ ოდენობას, ვინაიდან საპროექტო სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება, საპროექტო სამუშაოები ამ პროექტების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას განაპირობებენ. ჩემი ვარაუდით, ეს დაახლოებით მილიარდ ლარამდე იქნება, შესაძლოა მეტიც იყოს. ჩვენ მიდგომები შევცვალეთ და კომპლექსურად შევდივართ იმ ქალაქებში, სადაც შეგვიძლია განვახორციელოთ, როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების სამუშაოები, იმის მაგალითის გათვალისწინებით, რაც ქუთაისის მაგალითზე აღვნიშნე, რომ ქალაქის პარალიზება არ გამოიწვიოს. თანხების მობილიზება ძირითადად დონორი ორგანიზაციებიდან ხდება და ჩვენ შემთხვევაში ეს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკებია. აზიის განვითარების ბანკთან გვაქვს ხელშეკრულება 500 მილიონ აშშ დოლარზე, რომლის ფარგლებშიც უკვე ბოლო მე-6 ტრანშის გამოყოფას მოვაწერეთ ხელი. ევროპის საინვესტიციო ბანკს რაც შეეხება, მასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და მათი დაფინანსებითაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ასევე სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან დავიწყეთ მოლაპარაკებები და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე წყალმომარაგების სექტორში ახალი დონორი ორგანიზაციები გვეყოლება. სახელმწიფოს ჩართულობაც მნიშვნელოვანია და ბიუჯეტიდანაც არის თანადაფინანსების კომპონენტი ჩართული და ამას გარდა ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები სხვადასხვა მიმართულებით პროექტების დასაფინანსებლად.

-წყლის ხარისხი რის მიხედვით კონტროლდება?

-ჩვენთვის წყლის ხარისხი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ამ მიმართულებით კომპანია ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს. გვაქვს ცენტრალური ლაბორატორია, სადაც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ხდება სინჯების აღება ეს იქნება ქიმიური თუ მიკრობიოლოგიური სინჯები. ასევე ჩვენ მობილური ლაბორატორიები შევიძინეთ, სადაც საჭიროებიდან გამომდინარე ყველგან, სადაც კი ჩვენ ვოპერირებთ და არ ვოპერირებთ ამ დახმარებას ვუწევთ, წყლის ხარისხის მონიტორინგს და კონტროლს ვახორციელებთ.

-სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენად ზოგავს წყალს?

-დღეის მდგომარეობით მოპოვებული წყლის მოცულობიდან დაახლოებით 65%- 70% არის დანაკარგი. ეს არის, როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული დანაკარგი. ასევე გამრიცხველიანობა ყველა პროექტში გათვალისწინებულია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები