მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განათლების ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

   საქართველოს განათლების ჯგუფი
13.10.24 15:00
232

ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილის მფლობელი, საქართველოს განათლების ჯგუფი, განათლების დარგში უმსხვილესი ინვესტორია და წლებია მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.

პირველივე დღიდან შეგნებულად ვიკავებთ თავს აკადემიის დირექტორთან საჯარო პოლემიკაში შესვლისგან, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ აკადემიის, მისი მოსწავლეების და პერსონალის ინტერესები.

მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ქ-ნ ნ. ჯანაშიას მიერ მედიაში გავრცელებული ცრუ ბრალდებები ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - შეენერჩუნებინა აკადემიის დირექტორის პოზიცია.

არსებული შეთანხმების თანახმად, გასული 5 წლის განმავლობაში განათლების ჯგუფი არ ჩარეულა აკადემიის ყოველდღიურ მართვაში, რასაც სრულად წარმართავდა ქ-ნი ნ. ჯანაშია და მისი მეუღლე. ამ პერიოდში არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, როდესაც შეთანხმებული საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდა ჩვენი მხრიდან ინვესტირების შეფერხების გამო. 2019 წლიდან, რეალურად, აკადემიის განვითარებაში ჩაიდო 38 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელშიც განათლების ჯგუფი მონაწილეობდა მისი 70%-იანი წილის პროპორციულად.

ამავე პერიოდში, ეტაპობრივად უარესდებოდა აკადემიის ფინანსური შედეგები მთელი რიგი მიმართულებით (განსხვავებით ჩვენი ჯგუფის მფლობელობაში არსებული სხვა სკოლებისგან), რაც, ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნიდა აკადემიის ფინანსურ მდგრადობას და შემდგომ განვითარებას. ამან არაერთი კითხვა, კრიტიკული შენიშვნა და ეჭვის საფუძველი გააჩინა მართვასა და ფინანსების არაეფექტურ განკარგვასთან დაკავშირებით, რაზედაც სამუშაო პროცესის განმავლობაში ვერ ვიღებდით ამომწურავ პასუხებს.

მას შემდეგ, რაც ნ.ჯანაშიასა და მის მეუღლესთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, და ლოგიკურად დადგა დირექტორის ცვლილების განხილვის აუცილებლობა, მოქმედი დირექტორის მხრიდან დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია და სასამართლო დავა.

სრული სპეკულაცია იყო Cobis-ის აკრედიტაციის გაუქმების საფრთხესთან დაკავშირებით ნ. ჯანაშიას და მისი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. რეალურად, Cobis-ის აკრედიტაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რაც წერილობით იქნა დადასტურებული თავად Cobis-ის მიერ.

ნ.ჯანაშიას მხრიდან განათლების ჯგუფის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივადაც სრულად გაბათილდა, მათ შორის ქ-ნ ნ. ჯანაშიას მიერვე ინიცირებულ სამართლებრივ დავებში.

გაუმართლებლად და არაეთიკურად მიგვაჩნია თანამდებობის და პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის სკოლის რეპუტაციის დაზიანება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. სწორედ ამ მოტივით, სრულიად შეგნებულად, ჩვენ არასოდეს შევსულვართ საჯარო პოლემიკაში და არ გავცდენილვართ სამართლებრივ ჩარჩოს.

საჯარო დისკუსიაში შესვლას ჩვენი ჯგუფი არც მომავალში აპირებს. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, იმედს გამოვთქვამთ, ქ-ნი ნ. ჯანაშია, ისევ და ისევ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიჩენს კეთილგონიერებას და მეტ პასუხისმგებლობას და ჩვენი მხრიდან საჭირო არ გახდება შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკუთარი, ისე სკოლისა და მოსწავლეების ინტერესების დასაცავად, ვინაიდან ჩვენი, როგორც მფლობელი კომპანიის და ინვესტორის მთელი ძალისხმევა მიმართულია ბრიტანულ-ქართული აკადემიის სამომავლო განვითარებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები