მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს გარე ძალების საამებლად, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა არ სურს - ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გარე ძალების საამებლად, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა არ სურს. ამის შესახებ წერს რუსული მედია.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას, იაროს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის გზით და არა იმ გზით, რომელსაც უკრაინული და მოლდოვური სცენარების განხორციელებამდე მიჰყავს ქვეყანა.

„მათ არ სურთ გარე ძალების საამებლად რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა, რადგან სწორედ ამ თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების წყალობით ქვეყანა აჩვენებს მშპ-ს ზრდის რეკორდულ ტემპებს, მოქალაქეთა შემოსავლების მატებას, ანუ იღებს სარგებელს. მთლიანობაში, თბილისში იწყებენ ნატო-ში გაწევრიანების იმედების სიმცდარისა და ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში დაპირებული "ოქროს მთების" სიცრუის გაცნობიერებას და რეალისტურად აფასებენ იმას, თუ როგორ ცდილობდნენ მათ მოტყუებას“, - აღნიშნა მან.

თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს..

„რაც შეეხება თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას, ამის წინაპირობები, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს“, - თქვა მან.

ზახაროვა ამბობს, რომ ერთი მხრივ, ქართული სტატისტიკა მოწმობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და საქართველოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირები ქვეყნისთვის აუცილებელია, თუმცა მეორე მხრივ, ყოველივე ეს მოსკოვსა და თბილისს შორის ყოველგვარი ოფიციალური კონტაქტების არარსებობის პირობებში ხდება.

„ჩვენი მხრივ, დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი და სხვის ხელში ინსტრუმენტად არ იქცეს. ამ კონტექსტში, ჩვენ გაგებით ვეკიდებით საქართველოს ხელისუფლების ხაზს ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევის შეზღუდვის შესახებ, რამაც გასულ წლებში სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბები და ფორმები მიიღო. ჩვენ საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობების აგებას ვცდილობთ; მიგვაჩნია, რომ ჩვენი კავშირები მეზობლობის, მჭიდრო ისტორიული, კულტურული კავშირებისა და სულიერი ერთობის გამო ბუნებრივ ხასიათს ატარებს.

აღვნიშნავთ, თბილისის ნაბიჯებს ტრადიციული ღირებულებებისა და ქართული საზოგადოების საფუძვლების დასაცავად იმ ნეოლიბერალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც გარედან არის თავსმოხვეული და მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული იდენტობის გაუფასურებას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოსთვის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. $25.8-მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთს 10.4%-იანი წილით მესამე ადგილი უკავია. 2025 წელს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი 6.3%-ით 2 მილიარდ 688 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტზე მოდის, რაც გასულ წელს 4.9%-ით 1 მილიარდ 939 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. TOP-5 იმპორტირებული პროდუქტის რეიტინგი ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $477.6 მლნ, 693 644 ტონა;
  2. ნავთობის აირები - $206.4 მლნ, 741 375 ტონა;
  3. ხორბალი და მესლინი - $102.2 მლნ, 405 018 ტონა;
  4. ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $95.8 მლნ, 225 283 ტონა;
  5. მზესუმზირის ზეთი - $56.8 მლნ, 37 498 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს რუსეთში საქონლის გაყიდვები 10.3%-ით გაიზარდა და საქართველომ 749 მილიონ 298 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

TOP-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $170.6 მლნ, 60 834 ტონა;
  2. სპირტიანი სასმელები - $157.9 მლნ, 39 289 ტონა;
  3. მინერალური წყლები - $71 მლნ, 131 780 ტონა;
  4. ლიმონათები - $50.7 მლნ, 58 372 ტონა;
  5. ხილი, კაკალი და საკვებად ვარგისი მცენარის სხვა ნაწილები - $50.3 მლნ, 5 995 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები