მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურდა

5bc6dbdca994a
BM.GE
17.10.18 10:50
895
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის საქართველო 66-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 135 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი კვლავ ჩამოუვარდება 2016-2017 წლის მონაცემს.

საქართველოს მონაცემები ძირითად კრიტერიუმებში შემდეგნაირად შეიცვალა:

ინფრასტრუქტურა - საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 66.7-ია, რაც წინა წელთან შედარებით, გაუარესებული მაჩვენებელია და შედეგად ქვეყანამ მსოფლიოში 72-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად გასული წლის 69-ე ადგილისა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა - 100-დან საქართველოს სარეიტინგო ქულა 74.5-ია და შედეგად ქვეყანა მსოფლიოში 72-ე ადგილს იკავებს, ნაცვლად გასული წლის 48-ე ადგილისა. ეს კრიტერიუმი აერთიანებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ვალის მდგრადობას. ამ უკანასკნელით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

უნარები - 68 ქულით საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ეს კრიტერიუმი აერთიანებს სამუშაო ძალის უნარებს, პროფესიული სწავლების მეთოდებს, სამუშაო ძალის გადამზადებას, კრიტიკულ აზროვნებას, მოსახლეობის ციფრულ უნარებს და ა.შ.

შრომითი ბაზრის ეფექტიანობა - 65.6 ქულით, საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

საფინანსო სისტემა - 54 ქულით, საქართველო 88-ე ადგილზეა, რაც ასევე გაუარესებული მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყანა 63-ე ადგილზე იყო.

ბაზრის ზომა - 40.9 ქულით, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა.

ბიზნესის დინამიკა - საქართველო 62 ქულით, მსოფლიოში 53-ე ადგილზეა. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველო დაწინაურდა. საუკეთესო შედეგი კი ქვეყანას ბიზნესის დაწყების დროის კრიტერიუმში აქვს, - მეოთხე ადგილი მსოფლიოში.

ინოვაციები - 32.7 ქულით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები