საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital) საქართველოში უმსხვილესი კერძო სკოლების ქსელის შექმნას გეგმავს.
ამის შესახებ საინვესტიციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
საქართველოს კაპიტალის მიერ შემუშავებული პროექტით, ეს საქართველოს ზოგადი განათლების ბაზარზე ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიცია იქნება, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი კერძო სკოლების ქსელის შექმნაა.
2018-2022 წლებში ჯგუფი ამ მიმართულებით ჯამში 140 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. აქედან 6.1 მილიონი ლარი კერძო სკოლების განვითარებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე უკვე დაიხარჯა.
“მომდევნო ოთხი ხუთი წლის განმავლობაში ვიმედოვნებთ, რომ შევქმნით ხელმისაწვდომი კერძო სკოლების ქსელს, რომელშიც 2025 წლისთვის ჯამში 30,000-მდე მოსწავლე ისწავლის,”- წერია ჰოლდინგის ანგარიშში.

























