"თბილისის მწვანე სკოლა" №134 საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, 2011 წელს დაარსდა და დღეს სკოლას, ჯამში, 1 000 მოსწავლეზე მეტი ჰყავს. მწვანე სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე თავისი გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებითა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით. სკოლა დიღომში მდებარეობს და მიუხედავად ცენტრალური ლოკაციისა ბუნებრივი სიმწვანით არის გარშემორტყმული, რაც საშუალებას იძლევა, ბავშვებმა სუფთა, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება.
მომავალი 5 წლის განმავლობაში, "თბილისის მწვანე სკოლა" და "საქართველოს კაპიტალი" არსებული სკოლის გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით 3 ახალი სკოლის გახსნას გეგმავენ, რის შემდეგაც სკოლა, ჯამში, 5 500 მოსწავლეზე მეტის მიღებას შეძლებს.
"მოხარული ვართ, გაცნობოთ "საქართველოს კაპიტალის" კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორული შეთანხმების შესახებ "თბილისის მწვანე სკოლასთან". "საქართველოს კაპიტალი" აგრძელებს განათლების სექტორში წამყვანი სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერასა და განვითარებას", – აცხადებს "საქართველოს კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.
თავის მხრივ, "თბილისის მწვანე სკოლის" დამფუძნებლებმა ბაკურ სულაკაურმა და კახა დავითური აღნიშნავენ, რომ მათ ერთად აქვთ დასახული მნიშვნელოვანი მიზნები და სჯერათ, თანამშრომლობის შედეგად შეძლებენ, რომ მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გახადონ ხელმისაწვდომი.


























