მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს დაკრძალავენ - ცერემონიის დეტალები

სამება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დღეს, 22 მარტს დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რომ მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და დაკრძალვის ცერემონიისათვის ასევე, დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით.

წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე. გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.

ამასთან, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე;
  • თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით;
  • მოძრაობა იზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება გადაადგილება ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით;
  • მოძრაობა სრულად იზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, მოძრაობა იზღუდება ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე.
  • მოძრაობა შეზღუდული იქნება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე ("სოკარის" სათავო ოფისამდე).

ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები:

  • "ლაგუნა-ვერედან" გადაადგილება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ხიდზე და ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით;
  • ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართული იქნება გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით;
  • კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური "ისნის" მიმართულებით;
  • ორთაჭალიდან, გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით.

ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები