საქართველოს კერძო უმაღლესი განათლების სექტორის არაერთმა მოთამაშემ 2022 წლის საქმიანობისა და შემოსავლების შესახებ ანგარიშები უკვე გამოაქვეყნეს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ჯამური შემოსავალი 210 მილიონ ლარს აღემატებოდა, ამ სასწავლებლების შემოსავლის წლიური მატება 14%-ს აღემატებოდა, რაც პირველ რიგში მათ მიერ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას უკავშირდება.ამ მხრივ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებად კვლავ სამედიცინო და ბიზნესის მენეჯმენტის უცხოურ ენოვანი კურსები რჩება. ამასთან, უცხოურ ენოვანი კურსებისთვის უნივერსიტეტებს ქართულენოვან კურსებზე მნიშვნელოვნად უფრო მაღალი სწავლის საფასურის დაწესების მოქნილობა აქვთ.
ქართველი სტუდენტების შემთხვევაში უნივერსიტეტების საფასო მოქნილობა შედარებით მცირეა და ყველაზე ძვირად ღირებული კურსების შემთხვევაშიც წელიწადში 9 ათას ლარს არ აღემატება, როდესაც უცხოურ ენოვანი ფაკულტეტისთვის ზედა საფასო კატეგორია $10-12 ათასია. შესაბამისად, შემოსავლების გაზრდის მიზნით, უმაღლესი სასწავლებლები სწორედ უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე ფოკუსირდებიან. ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც, თუკი 2021-2022 წლების სეზონზე 17 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა კერძო სასწავლებლებში, 2022-2023 წლების სეზონზე უკვე 25 ათასი იყო, რაც 47%-იან მატებას წარმოადგენს, შედეგად უცხოეთის მოქალაქეები კერძო სასწავლებლების მთლიანი კონტინგენტის (161 ათასი სტუდენტი) 15.5%-ს შეადგენენ.
გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშების თანახმად, კერძო სასწავლებლებს შორის ყველაზე დიდი შემოსავალი “საქართველოს უნივერსიტეტს” აქვს, რომელმაც გასულ წელს შემოსავლების 17 მილიონი ლარით, 53.9 მილიონამდე ზრდა შეძლო (ზრდა 46%). მეორე პოზიციაზეა “კავკასიის უნივერსიტეტი” 32 მილიონი ლარის შემოსავლით (ზრდა 51%).
ყველაზე შემოსავლიანი უმაღლესი სასწავლებლების უდიდეს ნაწილს 2022 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს, მისი მიხედვით ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
უმაღლესი სასწავლებელი | 2022 წლის შემოსავალი ლარში |
საქართველოს უნივერსიტეტი | 53,920,000 |
კავკასიის უნივერსიტეტი | 32,052,497 |
თავისუფალი უნივერსიტეტი | 21,456,000 |
სეუ (2021 წელი) | 21,096,000 |
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი | 17,954,000 |
ევროპის უნივერსიტეტი (2021 წელი) | 17,392,000 |
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი | 16,488,570 |
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი | 13,030,732 |
BTU | 8,779,662 |
IBSU | 7,144,086 |