დღეს, 26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და "საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ" მორიგ რეზოლუციაზე. მისი შეფასებით, ეს საქართველოს შესახებ "ყალბი ნარატივების გასავრცელებლად გადადგმული მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ძირს უთხრის".
ამასთან, როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებაც ამყარებს.
"ზურაბაშვილმა კიდევ ერთხელ სთხოვა ევროკავშირის მხარეს, დაასახელოს კონკრეტული პირების სახელები და გვარები, ვინც „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მოიაზრება, მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებზე საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით სამართლებრივი შედეგი უკვე დამდგარია". მისი თქმით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, მსგავსი ინფორმაცია ქართულ მხარეს აქამდე არ მიუღია, რაც ევროკავშირის ბრალდებების უსაფუძვლობას ადასტურებს" - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ "კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი და მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი".
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტმა 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, რომელშიც "ქართული ოცნება" "თვითდანიშნულ ხელისუფლებად" არის მოხსენიებული, შეიცავს პაატა ბურჭულაძისა და სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე მოწოდებას მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ იმ ქართველი მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირს სანქციების შემოღებას არ ავალდებულებს.
























