2018 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკამ ქვეყნის კერძო ბანკებისგან 480,100,000 ლარი ისესხა. შედეგად, საბანკო სექტორის მთლიანმა საკრედიტო დაბანდებამ 2019 წლის პირველი იანვრისთვის 26,600,000,000 ლარს გადააჭარბა.
დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159.3 მლნ ლარით (1.4 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321.0 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.9 პროცენტით მეტი).
2018 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 223.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.96 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით).

























