„დადგა დრო, რომ საქართველოს კონკრეტული ინსტიტუცია ჰყავდეს, რომელიც ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებაზე იქნება პასუხისმგებელი,“- ამის შესახებ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ CDD - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, აუცილებელია სამინისტროს ან პრემიერთან არსებული მინისტრის აპარატის შეიქმნა, რომელიც 9 კონკრეტული რეკომენდაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება, რომელიც ასევე ყველა მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადადგას. იმისათვის, რომ ნათლად გამოჩნდეს, რომ ჩვენ ძალიან ქმედითად და საქმიანად ვუდგებით იმ გზას, რომელიც უნდა გავიაროთ.
კანდიდატის სტატუსი არის უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც ევროკავშირი თავად დაგვეხმარება რეფორმების განხორციელებაში. ამასთან, ხელმისაწვდომი იქნება უამრავი ფინანსური რესურსი, რათა საქართველომ რეფორმები განახორციელოს. ეს კი ხელს შეუწყობს, რომ ისეთი სახელმწიფო ავაშენოთ, როგორზეც ძალიან დიდი ხანია ჩვენი წინაპრები და თაობები ოცნებობდნენ,“- აცხადებს ჩაჩავა.
მისივე ცნობით, 9 უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია შესასრულებელი. რომელთა შორისაა, დამოუკიდებელი ინსტიტუციების გაძლიერება, ადამიანთა უფლებების ხელშეწყობა, ასევე დეოლიგარქიზაციის კანონის თუ საკანონმდებლო ბადის ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოება და ა.შ.
როგორც CDD- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც დაემატა, სწორი კომუნიკაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.