საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს. შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტია მთაში მცხოვრებთა მაქსიმალური ხელშეწყობა და მოსახლეობის დაბრუნება, რაც კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.