შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ჯამში 37.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხუთი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტები ხრამ-არხის, ქვემო სამგორის, ქვემო ალაზნისა და ლომთაგორას სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დაფინანსება ეტაპობრივად 2026-2030 წლების ბიუჯეტებიდან განხორციელდება.
ყველაზე მსხვილი ტენდერი 12 511 954 ლარის ღირებულებისაა და ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მართკუთხა კვეთის მონაკვეთის (პკ 26+08-დან პკ 68+32-ის ჩათვლით) რეაბილიტაციის მეორე რიგს მოიცავს. წინადადებების მიღება 14-19 აგვისტოს გაიმართება, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 1 034 კალენდარული დღეა.
მეორე ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 8 544 843 ლარია, ასევე ხრამ-არხის სარწყავი სისტემას ეხება. პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური არხის საწყისი გარდამავალი უბნისა და ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციას, ასევე ორი ახალი საავტომობილო სახიდე გადასასვლელისა და აკვედუკის ახალი ავარიული წყალსაგდების მოწყობას. წინადადებების მიღება 13-18 აგვისტოს გაგრძელდება, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 854 კალენდარული დღეა.
7 939 870 ლარის ღირებულების კიდევ ერთი ტენდერი ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის გ-22 გამანაწილებლისა და მისი II და III რიგის გამანაწილებლების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. წინადადებების მიღება 16-21 აგვისტოს გაიმართება, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 550 კალენდარული დღეა.
27 ივლისს გამოცხადებული 6 198 102 ლარის ღირებულების ტენდერი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ჰიდროტექნიკური ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაციის მესამე ეტაპს მოიცავს. განაცხადების მიღება 20-25 აგვისტოს გაიმართება, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 488 კალენდარული დღეა.
გარდა ამისა, „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ლომთაგორას მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციისთვის 2 284 525 ლარის ღირებულების ტენდერიც გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15-20 აგვისტოს გაგრძელდება, ხოლო პროექტის განხორციელებისთვის 200 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხუთივე პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება 37 479 294 ლარს შეადგენს.




























