საიმპორტო ტარიფების დაწესებასა და საგარეო დახმარების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალტ ტრამპის პოლიტიკას, ეკონომისტი აკაკი ცომაია ეხმიანება. როგორც ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ტრამპის ძალაუფლებისა მიუხედავად, რესპუბლიკური პარტია მისი პოლიტიკის წარმართვას პარტიის ტრადიციული ხედვების შესაბამისად შეძლებს.
ეკონომისტი 4 საკითხთან მიმართებით აშშ-ის ქმედებების შესახებ საკუთარ დასკვნებს აკეთებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან სანქციების გაგრძელების კიდევ უფრო მეტად გააზრებულ და თანმიმდევრული პოლიტიკის მოლოდინიშია.
აკაკი ცომაიას "პოსტს" BM.GE სრულად გთავაზობთ:
"ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ვერაფერს ვწერდი ტრამპის ფაქტორის გამო. რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებას და შესაბამისად, დემოკრატების დამარცხებას ყოველთვის მხარს ვუჭერ ჩემი ღირებულებითი არჩევანის გამო, მაგრამ ცხადია, ძალზე დიდ შეშფოთებას იწვევს თავად ტრამპის ფაქტორი და მისი ხედვა. ასევე, მან მოახერხა და იზოლაციონისტების არც თუ მცირე ჯგუფი შემოიკრიბა მის გარშემო.
თუმცა ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ აშშ-ში ინსტიტუტები და მათ შორის რესპუბლიკური პარტია, როგორც ინსტიტუტი, შეძლებს არაპროგნოზირებადი და საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტის პოლიტიკის ინსტიტუციურ ჩარჩოებში ისე მოქცევას, რომ უფრო მეტად რესპუბლიკური პარტიის ტრადიციულ ხედვებს შეესაბამებოდეს. მიმდინარე მოვლენები უკვე თამამად მაძლევს ასეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას 3 საკითხთან დაკავშირებით.
- აშშ-ს საგარეო დახმარება არ უქმდება. სახელმწიფო დეპარტამენტი უხელმძღვანელებს, ანუ მარკო რუბიო, რაც ნიშნავს, რომ დახმარებათა დიდი ნაწილი, რომელიც უფრო მეტად ფოკუსირებული იყო გენდერულ საკითხებზე, კლიმატის კონტროლზე, გარემოს დაცვაზე და ათას მსგავს საკითხებზე დემოკრატების დროს, შეიცვლის შინაარსს და ფოკუსირდება ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე.
- ტარიფები არ დაუწესდება არც კანადას, ჩემი ვარაუდით, არც მექსიკას და მით უფრო, არც ევროკავშირს. თუმცა ამ ქვეყნებს მოუწევთ ფასის გადახდა და სამართლიანადაც. მექსიკამაც და კანადამაც უნდა გაამკაცროს სასაზღვრო კონტროლი. ევროკავშირმაც უნდა იზრუნოს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზე (რომც დაეწესებინა, აშშ-ს უზენაეს სასამართლოს შეეძლო მისი გაუქმება). ცხადია, არ მივესალმები 10%-იან ტარიფს ჩინეთთან, მაგრამ მაინც კარგია იმ ფონზე, რომ 100%-ს გვპირდებოდა.
- მშვიდად ვარ უკრაინასთან დაკავშირებითაც, რადგან უკრაინა მიიღებს იმას, რაც მას სასიცოცხლოდ სჭირდება ლითიუმის ხარჯზე, რომლის საბადოც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დონბასშია განთავსებული.
- მით უფრო, მშვიდად ვარ ჩვენი ქვეყნის მიმართაც და სანქციების გაგრძელების კიდევ უფრო მეტად გააზრებულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას ველი", - წერს ცომაია.