მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მიმართ ინტერესი საერთაშორისო მაძიებლებში დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა - “მატილდა ივენთსი”

ქორწილი

ბუტიკ სააგენტო “მატილდა ივენთსი”, რომელიც სპეციალიზებულია საქართველოში საერთაშორისო ქორწილებისა და მაის (MICE) ღონისძიებების დაგეგმვაზე აცხადებს, რომ გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს მიმართ ინტერესი საერთაშორისო მაძიებლებში დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ნათია გოლეთიანმა, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, გაზრდილი მოთხოვნა ნათლად აისახება როგორც საძიებო სისტემების მონაცემებში, ისე რეალურ ჯავშნებში.

"მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. მუდმივად ვაწარმოებთ კვლევებს და თუ 2025 წლის მონაცემებს 2022–2023 წლებთან შევადარებთ, საძიებო სისტემებში საქართველოს ძიება დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და წლის დასაწყისშივეც უკვე გამოიკვეთა მაღალი აქტიურობა", - აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობის საწყის ეტაპზე ძირითადი აქცენტი ქორწილების ორგანიზებაზე კეთდებოდა, ძირითადად დასავლური ბაზრებისა და გალფის ქვეყნების მიმართულებით. „საწყის ეტაპზე აქცენტი ევროპულ და დასავლურ ბაზრებზე, ასევე გალფის ქვეყნებზე გვქონდა გაკეთებული. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა დუბაიდან ფიქსირდება, თუმცა ევროპული ბაზარიც კვლავ აქტიურია“, - განაცხადა მან.

ნათია გოლეთიანის განმარტებით, უცხოელი დამკვეთები საქართველოს არჩევის მიზეზად რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ასახელებენ. „როდესაც კლიენტებს ვეკითხებით - რატომ საქართველო? მათი პასუხია ბუნება, კულტურა, ქვეყნის ავთენტურობა და, რა თქმა უნდა, ფასიც. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო უფრო ბიუჯეტურია“, - ამბობს ის.

გოლეთიანის თქმით, 2023–2025 წლებში კომპანიის პორტფელში დომინანტი იყო დასავლური ბაზარი. „გვყავდა მომხმარებლები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან და კანადიდან. ამასთან, ინდოეთის ბაზრიდანაც გააქტიურდა ინტერესი. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შესაბამისი კამპანია დააანონსა. ამ ეტაპზე, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ ქორწილის ერთდღიან ორგანიზებას, არამედ სრულ გამოცდილებას. „ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ 3–4, ზოგ შემთხვევაში 5-დღიანი პაკეტები, რომლებიც მოიცავს ღვინის ტურებს, კულტურულ ტურებსა და მასტერკლასებს. ეს განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ევროპელი დამკვეთების შემთხვევაში“, - ამბობს გოლეთიანი და აღნიშნავს, რომ ყველაზე აქტიური დატვირთვა კახეთის რეგიონზე მოდის.

ხარჯვით შესაძლებლობებზე საუბრისას, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ბაზრებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა : „ევროპული ბაზარი უფრო ბუტიკური ტიპის ქორწილებით არის დაინტერესებული - საშუალოდ 40–60 სტუმრით, მაშინ როცა დუბაიდან ორგანიზებული ღონისძიებები ხშირად 100, 150 ან 200 სტუმარს აერთიანებს და შესაბამისად, გაცილებით მაღალი ბიუჯეტით ხასიათდება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები