მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მიწის ფონდი Microsoft-ის Power BI-ში - რას სთავაზობს ახალი პლატფორმა ინვესტორებსა და ბიზნესს?

მიწის ბაზა

საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ანალიზი და ვიზუალიზაცია უკვე ინტერაქციულ რეჟიმშია შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მონაცემთა ინტეგრაცია ბიზნეს-ანალიტიკის წამყვან პლატფორმაში Power BI, რაც მიწის რესურსების ეფექტურად მართვისა და მონიტორინგის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, Microsoft-ის მიერ შექმნილი აღნიშნული პლატფორმის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ვიზუალური რეპრეზენტაციაა.

სისტემა აერთიანებს ინფორმაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ. მომხმარებელს საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს განახლებადი ინფორმაცია: მიწის ფართობებისა და რეგიონული განაწილების მიხედვით, ინტერაქციული გრაფიკებისა და დიაგრამების სახით, სტატიკური ცხრილებისა და შედარებითი ანალიზის ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „კორინის“ (CORINE Land Cover) კლასიფიკატორს. აღნიშნული სტანდარტი საქართველოს მონაცემებს საერთაშორისო ბაზებთან თავსებადს ხდის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთიანი ევროპული სტანდარტით აღრიცხვისა და შედარებისთვის.

უწყების ცნობით, მიწის რესურსების ანალიზზე გამარტივებული ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება საინვესტიციო გარემოზე. კერძოდ, პლატფორმა დაეხმარება:

  • ბიზნეს სექტორსა და ინვესტორებს: საინვესტიციო პროექტების დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • სახელმწიფო უწყებებს: რესურსების სწორ მართვასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში.
  • აკადემიურ წრეებსა და მედიას: კვლევებისა და გადამოწმებული ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვებაში.

დაინტერესებულ პირებს ანალიტიკურ პორტალზე წვდომა შეუძლიათ შემდეგ პლატფორმებზე: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან გეოპორტალზე portal.mepa.gov.ge;

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე - land.gov.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები