მიწისქვეშა გაზსაცავში, რომელიც საქართველოში სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე აშენდება, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირი იქნება დაცული, - ამის შესახებ Trend-თან საუბრისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა განაცხადა.
"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) სამგორში მიწისქვეშა გაზსაცავის აშენებას ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე გეგმავს. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრმეში შეინახავენ. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და GOGC-თვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. გაზსაცავის მშენებლობა ასევე შაჰ-დენიზის გეგმებთან ასოცირდება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების 26.1 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. ეს კი საქართველოს გავლით ექსპორტირებული გაზის მოცულობას გაასამმაგებს და GOGC-ს სარგებელს გაზრდის ბუნებრივი აირის დამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირების კონტრაქტებიდან"- განაცხადა ელოშვილმა.
მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით SOCAR Energy Georgia-ის ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ტენდერში მონაწილეობას მიიღებს.
ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, მშენებლობის დაწყება 2018 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო ექსპლუატაციაში იგი სავარაუდოდ 2021 წელს შევა და მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება დაცული. ამჟამად აღნიშნული პროექტი დაახლოებით $ 270 მილიონად არის შეფასებული.

























