საქართველოს მოქალაქეების დაშავების, ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა,-ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან.
„არ არის ასეთი ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლებოდა დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. საერთაშორისო ავიაკომპანიებმა გააუქმეს ავიარეისები ისრაელის მიმართულებით, თუმცა აეროპორტი დაკეტილი არ არის. რამდენიმე ფრენა შესრულდა. გუშინ რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა ისრაელიდან საქართველოში, ხოლო ვინც ვერ დაბრუნდა, საელჩომ უსაფრთხო ადგილას, სასტუმროებში გადაიყვანა“,- განაცხადა ელჩმა.
ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ის მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, თუკი დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ ფლობს ვინმე ინფორმაციას, დაუყოვნებლივ აცნობოს საელჩოს.
ინფორმაციისთვის, გუშინ, ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. დაღუპულია 300-მდე და დაშავებულია 1100-სზე მეტი მოქალაქე. არიან გატაცებულებიც.