მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 კატეგორიის 10-წლიანი ვიზების გაცემა შეწყდება?|აშშ-ის საელჩო კითხვებს პასუხობს

ვიზა

ვიზის გაცემის 2 აპრილიდან ასამოქმედებელ ახალ წესებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო განმარტებას აკეთებს. როგორც საელჩოს განმარტებაში წერია, გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს დეპოზიტი - 5 000-დან 15 000-მდე აშშ დოლარი.

ცნობისთვის, ახალი წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 5 000-დან 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.

საელჩოს განმარტებით, განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.

აშშ-ის საელჩო სავიზო დეპოზიტის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს:

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 კატეგორიის 10-წლიანი ვიზების გაცემა შეწყდება?

სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში B1/B2 კატეგორიის ვიზის აპლიკანტები, რომლებიც სავიზო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიიღებენ 3 თვემდე ხანგრძლივობის ერთჯერად ვიზას.

სავიზო მოსაკრებელი გაიზარდა?

აშშ-ის B1/B2 კატეგორიის სავიზო მოსაკრებელი ($185) არ გაზრდილა.

ვინ წყვეტს აშშ-ში დარჩენის ხანგრძლივობას, კონსული, თუ საიმიგრაციო ოფიცერი საზღვრის კვეთისას?

პასპორტში აშშ-ის ვიზის ქონა უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, ითხოვოს შეერთებულ შტატებში შესვლის ნებართვა. ვიზა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში თქვენი აპლიკაცია საკონსულო ოფიცერმა განიხილა და გადაწყვიტა, რომ თქვენ კვალიფიციური ხართ აშშ-ის სასაზღვრო პუნქტამდე გასამგზავრებლად. სასაზღვრო პუნქტზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის საიმიგრაციო ოფიცერი წყვეტს ქვეყანაში შესვლის უფლებასა და ხანგრძლივობას.

სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს ენიჭებათ სამ თვემდე ვადის ერთჯერადი ვიზა.

ვრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები მათზე, ვისაც უკვე აქვთ ვიზები?

არა. სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა რეტროაქტიული არ არის და არ გავრცელდება უკვე გაცემული, მოქმედი B1/B2 კატეგორიის ვიზების მფლობელებზე.

რა განსაზღვრავს აპლიკანტისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას, ქვეყანა, სადაც განაცხადს აკეთებს, თუ მისი მოქალაქეობა?

მოთხოვნა განისაზღვრება განმცხადებლის მოქალაქეობის მიხედვით და გავრცელდება ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გააკეთებს განაცხადს B1/B2 კატეგორიის ვიზაზე.

როდის უნდა გადავიხადო დეპოზიტი?

არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების შემდეგ, თუ დააკმაყოფილებთ B1/B2 კატეგორიის ვიზის მოთხოვნებს, საკონსულო ოფიცერი გაგაცნობთ ინსტრუქციას, როგორ უნდა გადაიხადოთ დეპოზიტი.

საიდან შეუძლიათ სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს შეერთებულ შტატებში შესვლა?

სავიზო დეპოზიტის მქონე პირებისთვის შესვლის პუნქტებია: ყველა კომერციული ავიაციის შესასვლელი პორტი (მათ შორის CBP-ის წინასწარი შემოწმების ადგილები ). სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს არ შეუძლიათ, გამოიყენონ ჩარტერული საავიაციო, ზოგადი საავიაციო, სახმელეთო, ან საზღვაო შესასვლელი პორტები.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა "სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა", 49 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოზეც გაავრცელა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ბიზნესისა და ტურიზმის მიზნით B1 ან B2 კატეგორიის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე ფინანსური გარანტიის (ე.წ. ბონდის) წარდგენა მოუწევთ.

აშშ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზებს 3 თვეზე მეტი ვადით აღარ გასცემს|ყველაფერი, რაც ახალ შეზღუდვაზე ვიცით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები