მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს მოქალაქეს არ დავუტოვეთ საკანონმდებლო მიზეზი, რომ თავშესაფარი ევროკავშირში ეძებოს"

57f61b538d3bd
BM.GE
06.10.16 13:35
1623
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭომ მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან გაგრძელდეს. ევროკავშირის საბჭომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა, - ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებზე ’’საქმიან დილასთან“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საუბრობს.

- ბატონო დავით, რამდენად არიან ევროპელი დეპუტატები ჩამოყალიბებული რომ ეს მექანიზმი მალე მიიღონ და როგორი შეიძლება იყოს?

- გუშინ ყველა წევრმა სახელმწიფომ თქვა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს და ეს საკითხი მათი გადმოსახედიდან გადაწყვეტილი და დასრულებულია. ახლა საკითხი პარლამენტის კენჭისყრას შეეხება, რომელსაც პროცედორულად ტრიალოგი სჭირდება. ეს არის გარკვეული ფორმა კომუნიკაციისა ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტს შორის. სწორედ პარლამენტის პლენარული სხდომა დაინიშნება და ის განსაზღრავს იმ თარიღს, როდესაც პირველი ქართველი ვიზის გარეშე გადაკვეთს შენგენის საზღვარს. შეჩერების მექანიზმს რაც შეეხება, ეს პრინციპში ის საკითხია, რომელზეც უკვე თითქმის ერთი წელია ევროკავშირის მხარე მუშაობს. გამომდინარე გაზრდილი საფრთხეებიდან და ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეებიდან ბუნებრივია, რომ ევროპულ საზოგადოებაში მოთხოვნილება გაჩნდა, რომ შეჩერების მექანიზმის უფრო ეფექტური ფორმა არსებობდეს. ეს მექანიზმი დღესაც არსებობს, თუმცა ისეთ შემთხვევაში, როგორიც შარშან იყო ან შარშან წინ მისი ეფექტურად ამოქმედება ვერ მოხდა. საკითხი გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს, რაც ჩვენ სწორედ იმ რეფორმებით შვამცირეთ, რომელიც ბოლო პერიოდში გავატარეთ და განვახორციელეთ. ჩვენ ქართველ მოქალაქეს არ დავუტოვეთ საკანონმდებლო მიზეზი, რომ თავშესაფარი ევროკავშირში ეძებოს.

- სულ რაღაც ორი დღის წინ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჩვენს ეთერში განცხადა, რომ ზუსტი თარიღის დასახელება ძალიან რთულია...

- გუშინ ჩვენ ზუსტად იმ დღეს მივუახლოვდით, როდესაც თარიღი გახდება ცნობილი. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ძალიან პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა, რომ საქართველოს და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მუდმივი მხარდაჭერა აქვს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ ევროკავშირის ძალიან მობილიზებულმა წევრმა ქვეყნებმა შემთხვევით ისარგებლეს და ამ ცხარე პოლიტიკური გადატვირთული დღის წესრიგის პირობებში, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში ასეთი მხარდაჭერა გამოუცხადეს რეფორმების გზას. საქართველოს ევროპულ გზას მოაქვს ეს შედეგი და სარგებელი, რომელიც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

- თქვენ უკვე დააანონსეთ, რომ კონკრეტული თარიღი მალე გვეცოდინება, თავდაპირველად მოლოდინი იყო, რომ ზაფხულში უკვე გაგვეხსნებოდა ეს გზა, თუმცა შემდეგ ამ თარიღმა გადაიწია. ხომ არ უნდა ველოდოთ რამე მსგავსს?

- შარშან დეკემბერში ამ საკითხის გადაწევამ დიდი ეიფორია გამოიწვია, სავარაუდო თარიღების გამოთქმისგან თავს შევიკავებ. ჩვენს მიერ მაღალხარისხიანად შესრულებულმა სამოქმედო გეგმამ ევროკავშირის მხარეს უბიძგა, რომ საკითხის გადაწყვეტილება უკვე ზაფხულში დაეანონსებინათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები