მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება" - ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის პოლიტიკაზე

ალექსანდრე დარახველიძე

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შსს-მ მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, რეფორმა რამდენიმე რეგულაციას ითვალისწინებს.

კერძოდ, სასწავლო ბინადრობების არამიზნობრივი გამოყენების აღსაკვეთად წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი, დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის მიზნით, ხოლო არალეგალური მიგრაციის ოპერატიულად გამოვლენის მიზნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება ემატება.

"ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას. დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით.

იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები