ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი ამბობს, რომ საქართველოს საკითხზე განხილვა რეალისტური იქნება. მან ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
კასპარ ველდკამპის თქმით, ევროინტეგრაცია ბევრ ქართველს სურს, რასაც ის სრულად უჭერს მხარს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს.
"არ ვარ დარწმუნებული, რას გადავწყვეტთ დღეს. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა იქნება განხილული, ჯერ უნდა განვიხილოთ და ასევე, რა თქმა უნდა ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვექნება რეალისტური განხილვა.
მოდით, ასე ვთქვათ - ჩვენ გვსურს, დავინახოთ სამომავლო ევროპული გზა საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან ბევრ ქართველს, მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ, სურს ევროპული გზა და ამას მხარს სრულად ვუჭერ", - განაცხადა კასპარ ველდკამპმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.