საქსტატმა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები დაითვალა. კვლევა ეხება ქვეყანაში მცხოვრები ოჯახების ინტერნეტით, კომპიუტერითა და მობილური ტელეფონით უზრუნველყოფის მონაცემებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 13.5%-ს მობილური ტელეფონი არ აქვს. ტელეფონს არ ფლობს სოფლად მცხოვრები ადამიანების 20.3 % და ქალაქში მაცხოვრებელების 8.9%.
აღსანიშნავია, რომ 6-დან 15 წლამდე მოზარდების 46.2%-ს არ გააჩნია საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიიდან 88.4 %-ს ერთხელ მაინც გამოუყენებია ის.
მობილური ტელეფონის ფლობისა და გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ფიქსირდება. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, 60 წელს გადაცილებულთა მხოლოდ 82.5 %-ს გამოუყენებია მობილური ტელეფონი, მათ შორის 78.4% ფლობს მას.
კვლევა ასევე ეხება მოსახლეობის მიერ ინტერენეტის გამოყენების რაოდენობრივ მაჩვენებლებს. სტატისტიკის მიხედვით, ინტერენეტის მომხმარებელთა შორის 94.7% გლობალურ ქსელთან წვდომისთვის (მათ შორის) მობილურ მოწყობილობებს იყენებს.
ცნობისთვის: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევა საქსტატის მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა.

























