დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა მოვკიდოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, მუშაობდეს რეკომენდაციების შესრულებაზე.
„საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკაშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძლიერი მანდატი, არა მარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის მოსამზადებლად.
„დღეს აქ ჩამოვედი ძალიან მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. მომდევნო თვეების და კვირების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისთვის, რომ გვაჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი. აქვე გაზს ვუსვამ, რომ ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა მოვკიდოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად. ამისთვის გვჭირდება 12 რეკომენდაციის შესრულება, გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება და მიხარია, რომ ვხედავ გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ვარჰეიმ.