საქსტატმა 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ექსპორტმა და მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია.
საქართველოს ექსპორტის მთავარი ბაზარი წლის ამ პერიოდში ყირგიზეთია, სადაც ოფიციალურად წელს 1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა. წლიურად ექსპორტი 86%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ყირგიზეთთან ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობს, რომლის ექსპორტმაც 964 მილიონ დოლარს მიაღწია. თავის მხრივ, ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ 2024 წელს საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს, შესაბამისად, საქართველოდან გაგზავნილი მსუბუქი ავტომობილების უდიდეს ნაწილს ყირგიზეთამდე არ ჩაუღწევია და მათ მფლობელი გზაშივე შეეცვალათ. იმის გათვალისწინებით, რომ ყირგიზეთში ავტომობილები ჩრდილოეთის გზით, რუსეთის ფედერაციის გავლით მიდის, მაღალი ალბათობით ყირგიზმა ავტოდილერებმა ეს ავტომობილები საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსეთშივე გაყიდეს.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის სხვა ტენდენციებს, საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს, სადაც ექსპორტმა $714 მილიონ დოლარს მიაღწია. ზრდა 23%-ია. ყირგიზეთის მსგავსად, ყაზახეთშიც საქართველო ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობს.
ექსპორტში მესამე ადგილს კი $611 მილიონი დოლარით აზერბაიჯანი იკავებს. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს მხოლოდ ერთი წევრი ბულგარეთია, სადაც საქართველოს ექსპორტმა $93 მილიონი შეადგინა.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის 10 თვეში ასე ნაწილდება:
- ყირგიზეთი - 1.05 მილიარდი, ზრდა წინა წელთან 86%;
- ყაზახეთი - $714 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;
- აზერბაიჯანი - $611 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 14%;
- რუსეთის ფედერაცია - $580 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
- სომხეთი - $512 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 22%;
- თურქეთი - $417 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 19%;
- ჩინეთი - $257 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 6%;
- აშშ - $132 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 77%;
- უზბეკეთი - $112 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;
- ბულგარეთი - $94 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 59%.