საქართველოს მთავრობა ამერიკულ Citibank-ს 1.7 მილიონ დოლარს გადაუხდის - ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტს თანხას გადაუხდის იმ სერვისისთვის, რომელსაც ის სახელმწიფოს 2021 წელს გამოშვებული $500 მილიონიანი ევროობლიგაციის მომსახურებისთვის უწევს.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს ბანკის მომსახურების ყოველწლიურ საკომისიოს.
2021 წელს საქართველოს მთავრობამ $500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლის განაკვეთიც 2.75%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა 2026 წლის 22 აპრილია. ამ ფასიანი ქაღალდის განთავსების შუამავლობაში საქართველოს მთავრობას Citibank-ის გარდა ეხმარებოდნენ JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი, ICBC Standard-ი, ასევე "თიბისი კაპიტალი" და Galt & Taggart-ი.
2021 წელს ობლიგაციის გამოშვებით, საქართველოს მთავრობამ 2011 წელს გამოშვებული 10-წლიანი ევროობლიგაციის რეფინანსირება მოახდინა. სავარაუდოდ, 2026 წელსაც საქართველოს მთავრობა ამ ფასიანი ქაღალდის რეფინანსირებას და მის სანაცვლოდ ახალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს.