საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის. აღნიშნული ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ექსკლუზიურად „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ 2021 წლისთვის განსაზღვრული ეკონომიკის ოფიციალური - 4.3%-იანი ზრდის გადახედვა და მისი 6.5%-მდე გაზრდა დააანონსა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა თქვა, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში წარედგინება.
„მარტ-აპრილიდან, ეკონომიკაში დაფიქსირებული ორნიშნა ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ წელს ეკონომიკის ზრდა იქნებოდა იმაზე მაღალი, ვიდრე წლის დასაწყისში ვპროგნოზირებდით. სხვათა შორის, ძალიან ბევრი, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში, სკეპტიკურად იყო განწყობილი, რაც არ მიკვირს, რადგან ფინანსთა სამინისტროს პროგნოზები ყოველთვის კონსერვატიულია“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა და დასძინა, რომ „ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები უფრო ოპტიმისტური სცენარის განხორციელებისკენ იხრება, ვიდრე - რეალისტურის“.
„წელს ეკონომიკის 7.7%-ით ზრდას ველოდებით. განახლებული პროგნოზი ეყრდნობა იმ პარამეტრებს, რომლებიც დღეს ეკონომიკაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ოპტიმისტური სცენარი დარჩება ორნიშნა დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზო სცენარი გადაიხარა ოპტიმისტურისკენ“, - დასძინა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ, ივნისში განახლებული BDD დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასე გამოიყურება: საბაზო - 6.5%; ოპტიმისტური - 10.2%; პესიმისტური - 4.3%
ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი შეფასებით, 5 თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აპრილში არსებული 44.8%-იანი და მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.




























