გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმიანება. გაეროს ექსპერტები გმობენ საქართველოში განმეორებით რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევას. მათი თქმით, მთავრობა ცდილობს, დაახშოს სპონტანური და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საქართველოში.
“ვხედავთ ყოველდღიურ ძალადობას სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე, მასობრივ დაკავებებსა და კრიმინალიზაციას, ასევე ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოები მშვიდობიანი მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების, სტიგმატიზების და დაშინების მიზნით", - ამბობენ ექსპერტები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციები ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლითაც მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქმედით ნაბიჯებზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანია და ინფორმაცია, რომელიც აგრესიულ მომიტინგეებზე ვრცელდება, ძირითადად საპოლიციო ძალების ძალადობაზე პასუხია.
10 დეკემბრის მდგომარეობით, შსს-ს ინფორმაციით, აქციებში მონაწილე 357 პირი დააკავეს, საიდანაც 327 სახალხო დამცველმა მოინახულა. მათგან 225 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, 157 კი მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საპროტესტო აქციებზე შეზღუდვების გამკაცრებაზეც, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
“ვუყურებთ სერიოზული და მზარდი შეშფოთებით საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის, გაერთიანების, შეკრებისა და ადამიანთა უფლებების დაცვისთვის სივრცის შეზღუდვას, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლიდან, როდესაც ხელისუფლებამ პირველად წარადგინა “უცხოელი აგენტების” კანონპროექტი, თუმცა ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, რომ მთავრობა კიდევ უფრო დაუახლოვდა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას, რაც კიდევ უფრო გაუარესდება, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის თანახმად საპროტესტო აქციებზე შეზღუდვები გამკაცრდება", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს კურსი და სცადოს ეროვნული შერიგება, ადამიანის უფლებათა სრული დაცვის უზრუნველყოფით.
განცხადების თანახმად, სპეციალური მომხსენებლები ქართულ უწყებებთან კონტაქტს ინარჩუნებენ. მათი თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე მათ წინა საუბარს ახსენებენ, მათ შორის ანგარიშს, რომელიც გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმა 2024 წლის მარტში შეადგინეს. ექსპერტებმა მზაობა გამოხატეს საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.