მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მთავრობამ ყაზახურ მხარესთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურა შეათანხმა

62e102f156220
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 13:20
569
საქართველოს მთავრობამ ყაზახურ მხარესთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურა შეათანხმა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტისას მხარეებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის.

ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი საკითხი საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით - სატრანზიტო ნაკადები, დღეს განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოდა ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არა მხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან და კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენ ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა ამ თანამშრომლობით შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ზოგადად რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები