მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მთავრობას "გაზპრომთან" განახლებული ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია

5c305b3ce9756
დათო ჯალაღონია
05.01.19 11:20
1262
2019 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და რუსულ „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს, რადგან ბოლო კონტრაქტის მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

როგორც BM.GE-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განუცხადა, მხარეებს შორის კონტრაქტი არ განახლებულა და ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა არ ყოფილა.

ჯერ–ჯერობით უცნობია, რა პირობებს მოითხოვს საქართველო, ან "გაზპრომი" რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია.
რაც შეეხება რუსეთის მიერ სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობებს, 2019 წელს სომხეთი 1000 კუბურ მეტრ "გაზპრომის" გაზში 165 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც 2018 წლის ბოლომდე არსებულ ფასზე – 150 დოლარზე, დაახლოებით 9%–ით მეტია. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელსა და სომხეთის რესპუბლიკის ვიცე–პრემიერს მგერ გრიგორიანს შორის 31 დეკემბერს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

კომპანიის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, „გაზპრომ–ექსპორტსა“ და „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „გაზპრომ–სომხეთს“ შორის მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის ფასი საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე „გაზპრომ–სომხეთისთვის“ 165 აშშ დოლარი იქნება.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასს, როგორც სააგენტო „ტასს“–ისთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერის პრეს–მდივანმა ერმან ეგოიანმა განაცხადა, კომპანია „გაზპრომ–სომხეთის“ ხარჯების შემცირებისა და ეფექტურობის ხარჯზე მომხმარებლებისთვის ტარიფები უცვლელი დარჩება.

მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სომხეთი 2019 წელს 2.5 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მოიხმარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები