"ქართული ოცნების" ე.წ. რუსულ კანონს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ნეგატიურად აფასებს. თეა კატუკია "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ მთავრობის მიზანი სახელმწიფოს სათავეში დარჩენამ რუსეთის მიზანი კი თბილისში ლოიალური ხელისუფლების ყოლაა.
"საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია. "ქართული ოცნების" სურვილი სახელმწიფოს სათავეში დარჩენაა, რუსეთს კი უნდა, რომ მათთვის ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება იყოს სათავეში. აქ ინტერესთა თანხვედრაა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მთავრობა დღეს არის რუსული, რადგან მათ რუსული მმართველობის ტიპი აირჩიეს", - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.
თეა კატუკიას თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება, "რუსული კანონის" მიღება და ავტორიტარიზმი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიდის.
"ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის. ავტორიტარული რეჟიმების საკმაოდ კლასიკური ხელწერა, რომელიც მიზანს ისახავს დაბრკოლებების, დაძაბულობის კერების შექმნას, პროვოკაციის წაქეზებას, შუღლის, სიძულვილის გაძლიერებას საზოგადოებაში. რას ემსახურება ეს ყველაფერი? ხელოვნურად შეიქმნას საფრთხეები და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების სახელით გაამართლოს რეპრესიული კანონის დამტკიცება", - თქვა თეა კატუკიამ.
საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, თეა კატუკია თანამდებობიდან 2022 წლის თებერვალში გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. მაშინ მან მიზეზად ზეწოლა დაასახელა.