მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა $20.6 მილიარდს გადააჭარბა

60dc7042e2b27
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.21 17:28
1928
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $20.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგარეო ვალის მოცულობა ლარებში 70.3 მილიარდია, რაც ბოლო 4 კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 132.9%-ია. 

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, მთლიან ვალში სახელმწიფო საგარეო ვალი $9.9 მილიარდი დოლარია, სახელმწიფო საწარმოების სესხები და ობლიგაციები კი $1.6 მილიარდს შეადგენს. 

რაც შეეხება კერძო სექტორის ვალს - ქართული ბანკების საგარეო ვალი $4.4 მილიარდი დოლარია, ეკონომიკის სხვა სექტორების საგარეო ვალი კი $4.8 მილიარდი დოლარია.

"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 573.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათსი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები