საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებებს.
პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის, ასევე, 2 მლნ ევრო გრანტის სახით. პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას ითვალისწინებს.
პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან:
• მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენა;
• ტექნიკური დახმარება მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს:
• რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას;
• ეკოლოგიური, სოციალური, ასევე ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას;
• ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნას;
• აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტს განახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანები და კონტეინერები განკუთვნილია 64 მუნიციპალიტეტისთვის.

























