26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს.
სპორტული პაბი PUB 44-ის დამფუძნებელი, ელენე კვირიკაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბილეთების გაყიდვისთანავე ობიექტი სრულად გადაივსო.
მისი ინფორმაციით, ფინალური თამაშის ჯავშნების განხორციელება, ჯერ კიდევ საქართველო - ლუქსემბურგის თამაშის დროს იყო დაწყებული, ხოლო ბილეთების გაყიდვისთანავე პაბი სრულად დაიჯავშნა.
„ბილეთები გაიყიდა თუ არა, ეგრევე შევივსეთ. ტელეფონი არ ჩერდება, იმდენი დაჯავშნის მსურველი შემოდის. მაგიდების დამატებაც კი მოგვიწია. სამწუხაროდ, დაახლოებით 5000 ადამიანს ჯავშანზე უარი ვუთხარით, რადგან ადგილები საერთოდ აღარ გვაქვს. ცოტა მაშინებს ხვალინდელი დღე, რადგან მართლა არ გაჩერებულა ტელეფონი. წინა თამაშზეც (საქართველო-ლუქსემბურგის თამაში) გადავსებული ვიყავით. ზოგიერთი მომხმარებელი საერთოდაც ფეხზე იდგა.
ჩვენი პაბი სრულად სპორტზეა ორიენტირებული. მასში 7 კვ.მ ფართობის ეკრანები და იდეალური გახმოვანების სისტემა გვაქვს დამონტაჟებული. ხვალინდელი თამაშის დროს, მომხმარებლებს კომპანია „ზედაზენი“ სხვადასხვა საჩუქრებს დაახვედრებს,“- აცხადებს კვირიკაშვილი.
მისივე ცნობით, წინ ევროპის ჩემპიონატია, რომლისთვისაც გაფართოება და ახალი სივრცის დამატება იგეგმება. პაბის დამფუძნებლის ვარაუდით, სივრცეს იჯარით აიღებენ, რომელსაც ცალკე ტერასაც ექნება.
„ამ ეტაპზე, ახალი სივრცის შერჩევის ეტაპზე ვართ. არსებული ფილიალის მოსაწყობად, ჯამში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და თუ იგივე კონცეფციით წავედით, რაც ახლა გვაქვს, სავარაუდოდ ანალოგიური თანხა დაგვიჯდება,“- განაცხადა პაბის დამფუძნებელმა.
კვირიკაშვილის ცნობით, სტუმრების 70% ადგილობრივი მოსახლეობა არიან, ხოლო დანარჩენი 30% უცხოელი სტუმრები არიან.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ პაბი ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა, კომპანია მოგებაზე ძალიან მალე გავიდა.