ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ერთა ლიგის პლეი ოფთან დაკავშირებული კენჭისყრა ჩატარდა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება.
საქართველომ, რომელმაც B დივიზიონში ასპარეზობა ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა, კენჭისყრისას განთესილი იყო, C დივიზიონის მეორე ადგილოსნებიდან კი ჩვენი სავარაუდო მეტოქეები: ბულგარეთი, კოსოვო, სლოვაკეთი და სომხეთი იყვნენ.
სომხებთან ორმატჩიანი დუელი 20 მარტს სომხეთში, ხოლო 23 მარტს უკვე თბილისში შედგება. წარმატების მიღწევის შემთხვევაში საქართველო ზედიზედ მეორე სეზონს B დივიზიონში დაიწყებს, ხოლო მარცხის შემთხვევაში C ლიგაში დაქვეითდება.
ცნობისთვის, პირველ გასვლით მატჩს დაგროვებული ბარათების გამო ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, “ჯვაროსნებმა” 2024/25 წლების ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა მოაგროვეს და ასპარეზობა ალბანეთზე მაღლა, მესამე ადგილზე დაასრულეს. ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი 11 ქულით ჩეხეთმა, ხოლო მეორე 8 ქულით უკრაინამ დაიკავა.